geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები პროფესიული სტუდენტებისთვის

თსუ პროფესიული განათლების ცენტრში Edu Bridge-თან თანამშრომლობით  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროფესიულ სტუდენტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის და მოხალისეობის შესაძლებლობები გააცნეს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის განცხადებით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესი ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს და მზაობა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მაღალია. “ასეთი შესაძლებლობები მხოლოდ კრედიტების აღიარებაზე დაფუძნებული მობილობით არ შემოიფარგლება. საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობა სტუდენტებს ეხმარება ახალი უნარების განვითარებაში, განსხვავებული კულტურების გაცნობასა და პიროვნული და პროფესიული თვალსაწიერის გაფართოებაში”,-აღნიშნა მან.

 

Edu Bridge-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს Erasmus+-ის ფარგლებში არსებული ახალგაზრდული გაცვლებისა და ტრენინგკურსების, ასევე მოხალისეობრივი შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განიხილეს, სად და როგორ შეიძლება შესაბამისი პროგრამების მოძიება, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, ასევე როგორ უნდა მომზადდეს განაცხადი. შეხვედრაზე მონაწილეებს ასევე გაეცნეს Europass-ის ფორმატის ინგლისურენოვანი რეზიუმეს შედგენის ძირითადი პრინციპები.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შესთავაზეს საკონსულტაციო მხარდაჭერა საერთაშორისო შესაძლებლობების მოძიებისა და განაცხადის მომზადებისა და წარდგენის პროცესში.

 

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას საერთაშორისო პროგრამების შესახებ და მათი მოტივაციის გაძლიერებას, რათა აქტიურად გამოიყენონ სწავლის, გამოცდილების გაზიარებისა და განვითარების შესაძლებლობები.

თარიღი: 30/10/2026